14-15 ნოემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის სცენაზე, რუსთაველის თეატრმა სპექტაკლი “მარია –კალასი. გაკვეთილი” წარმოადგინა.
რუსთაველის თეატრის გასტროლი აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და “სოკარ ჯორჯიას” თანადგომით გახორციელდა.
აზერბაიჯანელი მაყურებელი ოვაციებით შეხვდა ბატონ რობერტ სტურუას, რუსთაველის თეატრის დასს. ყურადღების ცენტრში კალასის როლის უბადლო შემსრულებელი ლელა ალიბეგაშვილი გახლდათ. დიდი მოწონება დაიმსახურეს მსახიობებმა: დავით დარჩიამ, ლელა ახალაიამ, დავით უფლისაშვილმა, ქეთი სვანიძემ და ტენორმა არჩილ გოგიტიძემ.
მოეწყო შეხვედრები კულტურის სფეროს, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
“ აზერბაიჯანელი აუდიტორიისთვის სასიხარულო მოვლენაა ისეთი რეჟისორის სპექტაკლის ხილვა, როგორიც ბატონი რობერტ სტურუაა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის კულტურათაშორისი დიალოგის ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ასეთ თეატრებთან და ხელოვანებთან”. – განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის დირექტორმა, დოქტორმა ხელოვნების კველვის საკითხებში, ბატონმა ალიქისმათ ლალაევმა.
