მუზეუმი

რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს ალექსანდრე ახმეტელის მხარდაჭერით დაარსდა, მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი  თეატრის მსახიობი და ლიტერატურული ნაწილის გამგე ია ქანთარია გახლდათ. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები:

ხელნაწერთა განყოფილება – 8 ათასი ერთეული (აკაკი წერეთლის ხელნაწერი პიესისა ,,გელა”, სანდრო ახმეტელის სპექტაკლების სარეპეტიციო ჩანაწერები არჩილ ჩხარტიშვილის მიერ ).

ფოტო – ფონო განყოფილება – 35 ათასი ერთეული (მარლენ ბაბოვის, იური მეჩიტოვის და მედეა ოქიტაშვილის მიერ გადაღებული 16 ათასი ფოტო – ნეგატივი ასახავს რუსთაველის თეატრის მნიშვნელოვან შემოქმედებით მოვლენებს: პრემიერებს, გასტროლებს, შეხვედრებს, საღამოებს, გამოფენებს, დისკუსიებსა და სპექტაკლების საიუბილეო თარიღებს).

სახვითი განყოფილება – 3 ათასი ერთეული (ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, სოლიკო ვირსალაძის, გიორგი ალექსი-მესხიშვილის, მირიან შველიძის, თეიმურაზ ნინუას კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, მაკეტები).

აუდიო – ვიდეო განყოფილება – სანდრო ახმეტელის სპექტაკლების (,,ლამარა”, ,,ანზორ”, ,,ყაჩაღები”)  ფრაგმენტებისვიდეოჩანაწერები, რუსთაველის თეატრის გასტროლები ლონდონში (1980წ.) ასევე მიმდინარე რეპერტუარის ვიდეომასალა.

კოსტუმები – სპექტაკლებისა: “ოტელო”, “ოიდიპოს მეფე”, “ხანუმა” “რიჩარდ III”, “კავკასიური ცარცის წრე”, ა. სუმბათაშვილ – იუჟინის უნიკალური თეატრალური სამოსი.

სარეკლამო განყოფილება  –  აფიშები, პლაკატები და პროგრამები XXს-ის  20 –იანი წლებიდან.

საცნობარო განყოფილება  –  კატალოგი (რეპერტუარი, გასტროლები, რეჟისორთა, მსახიობთა და მხატვართა დატვირთვა), წიგნადი ფონდის ანბანური კატალოგი.

ბიბლიოთეკა  –  მდიდარი და მრავალფეროვანია. ფონდში დაცულია 4 000-მდე თანამედროვე და რარიტეტული გამოცემები,  როგორც ქართულ ასევე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და  რუსულ ენებზე – თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, ისტორიის და რელიგიის შესახებ. ბიბლიოთეკაში ინახება პიესები (1500-ზე მეტი), მხატვრული ლიტერატურა – ჰაუპტმანის,  ჰეინეს, გოეთეს,შილერის,შექსპირის, მეტერლინკის,მოლიერის რჩეულ ნაწარმოებთა კრებულები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები.  ფონდში ინახება კერძო ბიბლიოთეკების გარკვეული ნაწილი  ი. პიტოევის, მ. დარსკის, მ. თამამშევის, ალ. ახმეტელის, აკ. ხორავას, ე. აფხაიძის და სხვათა  ავტოგრაფებით .

მუზეუმის ბიბლიოთეკაში  მრავლადაა რარიტეტული გამოცემები:   ივანე ბატონიშვილის ,,კალმასობა”ტფ.1896წ, ,,ვისრამიანი” ი.ჭავჭავაძის, ალ. სარაჯიშვილისა და პეტ. უმიკაშვილის რედაქტორობით, ტფ.1884წ.  დ. ჩუბინაშვილის  ,,ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი”  ს/პეტ. 1840წ.  რუსთაველის  ,,ვეფხისტყაოსანი” გამოცემული გ.ქართველიშვილის მიერ 1888წ. პ.ლაკრუას ,,ჩვევები და კოსტუმები”…პარიზი, 1875წ. (ფრანგ. ენაზე) ვ.დიუერის ,,საფრანგეთის ისტორია”1892წ.(ფრანგ. ენაზე),  რ. გრაული ,,XVIII ს-ის დეკორი და ავეჯი”, ბერლინი,1905წ. (გერმ. ენაზე), ჟურნალ-გაზეთები:  ,,ივერია”(1877-1886წწ),  ,,ნიშადური” 1907წ. ,,THI STUDIO”1901,1902, 1908, 1910წლების გამოცემები,  ,,LE THEATRE” 1901,1902,1903 წწ. ,, L’ ILLUSTRATION THEATRALE”1908,1909 ,1911, 1912წწ. ,,  ЕЖЕГОДНИК ИМПЕРАТОРСКИХ ТЕАТРОВ” С,ПР.  1892-1902 ,, АРТИСТ “1889 , ,,ТЕАТР И ИСКУССТВО” С,ПР .1897.

ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნები, ისტორიული ღირებულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ქართული თეატრის ისტორიის კვლევისთვის.

რუსთაველის თეატრის მუზეუმმა მოაწყო გამოფენები:

  • რუსთაველის თეატრი – 100
  • ალექსანდრე ახმეტელი – 100
  • ალექსანდრე ახმეტელი – 120
  • რობერტ სტურუა – 70

თეატრის სცენოგრაფებთა ექსპოზიციები:

  • გიორგი ალექსი-მესხიშვილი
  • მირიან შველიძე
  • თემურ ნინუა
  • ,,რუსთაველის თეატრი მსოფლიო სცენაზე”
  • ,,…შემოდიოდა სიკვდილი ცელით” (ეძღვნებოდა 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას)

იწერება სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფიები, გამოიცა რუსთაველის თეატრის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ალბომები ასევე “თეატრის მხატვრობა 1920 -50 წწ”, სამენოვანი ორტომეული “რობერტ სტურუა”, ბუკლეტები ახმეტელისა და რეპრესირებულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.

მუზეუმში ამჟამად მიმდინარეობს ვიზუალური მასალის დიგიტალიზაცია. მუზეუმის საცავებში დაცული ფონდები დღემდე მზარდია.