25 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქური თეატრი ,,მინიატურა” სტუმრად რუსთაველის თეატრში.
,,რემუსი”
ალექსანდრე მაიკოვსკის ნაწარმოების ,,რემუსის ცხოვრება და თავგადასავლების” მიხედვით.
თარგმანი: ლეხ ბოდკოვსკი
ადაპტაცია და დრამატურგია: რომუალდ ვიჩა- პოკოისკი
რეჟისორი: რემიგიუშ ბჟიკი
სცენოგრაფი: კატაჟინა ზავისტოვსკა
რეჟისორის თანაშემწეები: მონიკა ოსტროვსკა, კატაჟინა სკოჩილასი.
მუსიკა: ადრიან იეჟი ამრუგიევიჩი.
ხანგრძლივობა: 1 საათი და 50წთ შესვენების ჩათვლით.
ადაპტაცია ,, რემუსის ცხოვრება და თავგადასავლები” არის ალექსანდრე მაიკოვსკის პირველი ნაწარმოები, რომელიც სრულად დაწერილია კაშუბურ ენაზე. ამ ენაზე მეტყველებს დღევანდელი ჩრდილოეთ პოლონეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობა. ნაწარმოებში ერთმანეთში ირევა რეალური სამყარო და კაშუბური ლეგენდები, ზღაპრები. ნაწარმოების გმირი რემუსი, კაშუბი, თავისი გაუმართავი მეტყველებითა და გაურკვეველი წარმოშობის გამო ერთგვარ აუტსაიდერად გვევლინება. პატარაობაში მას დახმარებას სთხოვს ციხე-სიმაგრეში გამომწყვდეული მეფის ასული; უკვე მოზრდილი რემუსი კი მიემართება სამოგზაუროდ რეგიონში, ჰყიდის წიგნებს და იწყებს შებრძოლებას სმეტეკთან, კაშუბურ ბოროტ სულთან. ,,რემუსის ცხოვრება და თავგადასავლები”- ესაა ლიტერატურული ფერადოვნებით გაჟღენთილი ნაწარმოები რომელიც ,,დონ კიხოტს” მოგვაგონებს. აქაც, სამოგზაუროდ წასულ ჩვენს გმირს თან ახლავს ერთგული მეგობარი, ქუჩის მუსიკოსი სახელად საყვირი.
,,რემუსი” ეს არის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღესდღეობით ძლიერ აქტუალური და ადვილად გასაგები დრამა გადარჩენისთვის შეუპოვრად მებრძოლი უმცირესობისა იმ სამყაროში , სადაც ძალაუფლება უმრავლესობამ აიღო ხელში. ამავდროულად უმრავლესობა, თითქოსდა სათავე ყოველგვარი მრავალფეროვნებისა – უფრო და უფრო მეტად ხდება ერთსახოვანი, სტერეოტიპული და სტანდარტული. მასში ბატონობს ,,ნორმალურობის” რეჟიმი- წესები და კანონები, დარეგულირებული კულტურის ერთგვაროვანი გამოძახილებით, მასის მიერ მიმბაძვითი ქცევის ნიმუშებითა და მოდელებით. ,,რემუსი”- ეს მხოლოდ კაშუბების ისტორია არ არის – საზოგადოებისა რომლის წარმოშობაც საიდუმლოებითაა მოცული, რომელიც ცხოვრობს პოლონეთსა და გერმანიას შორის მოქცეულ ტერიტორიაზე და რომელიც შეუდრეკლად იბრძვის შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალიზმი. ეს ისტორია თითოეულ ჩვენგანს ეხება. პიროვნებას, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს თავი დაიმკვიდროს და შეინარჩუნოს საკუთარი განსაკუთრებულობა, უნიკალური და განუმეორებელი აზროვნების სახეობა, მგრძნობელობა, ზნეობა, საკუთარი ფანტაზია, მითები, სიზმრები თუ ოცნებები.
დარიუშ კოსინსკი, თეატრმცოდნე, კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტის პროფესორი
ადაპტაციის ავტორია რომუალდ ვიჩა-პოკოისკი, თეატრ ,,მინიატურის” დირექტორი, რეჟისორი და დრამატურგი. წარმოდგენას რეჟისორობას უწევს რემიგიუშ ბჟიკი, ერთერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი თანამედროვე პოლონელ რეჟისორებს შორის. იგი არაერთგზის მფლობელია უმნიშვნელოვანესი პოლონური სარეჟისორო ჯილდოებისა, როგორებიცაა : ,,კონრადის დაფნის გვირგვინი” და ,,ოქროს ნიღაბი”.
სპექტაკლმა აიღო სპეციალური ჯილდო პოლონური ეროვნული თეატრის დაარსებიდან 250 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით, ,,ცოცხალი კლასიკა”: პოლონური ადრეული შემოქმედების ინსცენირების კონკურსი, რომელიც ორგანიზებული იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ზბიგნიევა რაშევსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მიერ.
www.klasykazywa.pl
რეცენზიების ფრაგმენტები
რაც შეეხება წარმოდგენის ინსცენირების შტრიხებს, იგი დაყვანილია მარტივ ერთეულებამდე. მაგიდასთან მსხდომი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობები მხოლოდ რამდენიმე, ძალიან უბრალო რეკვიზიტს იყენებენ: არაფრით გამორჩეულ, პატარა თოჯინებს, რომლებიც თავად ამ გმირთა სახეებს წარმოადგენენ, და სამსახიობო ოსტატობას. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მაყურებლის თვალწინ შეიქმნას დახვეწილი და სტილისტურად ერთმანეთთან კარგად შეხამებული კაშუბური მითოლოგიის სამყარო.
კატაჟინა ფრიცი „Gazeta Wyborcza” (გაზეტა ვიბორჩა)
ადაპტაციის ფორმულიდან გამომდინარე, რემიგიუშ ბჟიკი ორიგინალურ იდეაზე დაყრდნობით აგებს ინსცენირების ხაზებს. პოკოისკიმ, რომელიც პასუხისმგებელი იყო ასევე დრამატურგიაზე, შემოგვთავაზა ერთგვარი სტილი, ,,მონათხრობის თეატრი”, რომელიც გამუდმებით მოუწოდებს მაყურებელს დახუჭოს თვალები და შეერწყას სამყაროს-რომელიც- არ-ჩანს. თერთმეტი მსახიობი ამ არარეალურ სივრცეს ძირითადად სიტყვების, მუსიკისა (რომელიც ცოცხლად უკრავს სპექტაკლის განმავლობაში) და მცირე რაოდენობის რეკვიზიტის დახმარებით ქმნის. თითოეული მონაწილე წარმოდგენისა ერთნაირად მნიშვნელოვან ნარატორის როლს ასრულებს სპექტაკლში. ისინი ერთგვარ სულებად შეიძლება ჩავთვალოთ, რომლებიც გმირების როლში შედიან მავთულით შექმნილი თოჯინების განსახიერების გზით. ეს თოჯინები,უფრო სწორედ მავთულის ფიგურები, განასახიერებენ თავად პერსონაჟებს, რომლებზეც არის საუბარი. როლები არატრადიციული გზითაა გადანაწილებული – ისტორიას გვიყვება მსახიობთა ერთად შეკრებილი გუნდი.
სპექტაკლში მაყურებელმა შეიძლება ამოიცნოს მასში ჩამალული რეგიონალური ბალადის შტრიხები, რომელსაც საღამოობით ქოხებში ერთად შეკრებილი ხალხი უყვება შთამომავლობას ხალხური მითების გასაცოცხლებლად და თაობიდან თაობისთვის გადასაცემად, თუმცა ამავდროულად არის წარმოდგენაში რაღაც, რაც მას რიტუალის სტრუქტურას ანიჭებს. სპექტაკლის დაწყებიდან პირველივე წუთებში თვალში გვხვდება მონოქრომატული სურათი, რომელიც მხატვრის ნამუშევარს მოგაგონებთ. გრძელ მაგიდასთან მსხდომი, გაშეშებული მსახიობები – თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილნი და სახეზე ღიაცისფრად გათხუპნულნი – სცენარის მიხედვით ასოციაციას ქმნიან დროის მსვლელობისგან გახუნებულ ,,უკანასკნელი სერობის” ფოტოსურათთან, რომლის მაგიდაც მთავარმა გმირმა, რემუსმა დატოვა. ის, რასაც ჩვენ სცენაზე ვუყურებთ ერთგვარი ცერემონიაა სულების გამოხმობისა მაგიდასთან მსხდომი მოჩვენებების მიერ, რომლებიც გვესტუმრნენ ჩვენ, ცოცხლებს, რათა გაგვახსენონ ,, მამათა წარსული”
იოანნა ხოიკა, teatralny.pl
ბრწყინვალედ დაწერილ სცენარს წინა პლანზე გამოაქვს ნაწარმოების ძირითადი აზრი – რემუსის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული კაშუბის რეგიონის ადგილებსა და ხალხის ისტორიასთან, რომელიც თავისწილად სმეტეკის ინტრიგებშია გახვეული. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მაგიდასთან მსხდომი მსახიობების მიერ რემუსის თავგადასავლების მოყოლა სპექტაკლს სტატიკურ და მოსაწყენ ეფექტს შესძენს, მაგრამ აღმოჩნდება რომ მსახიობების გამოკვეთილი თუმცა თავშეკავებული თამაში მთლიანად მიიპყრობს მაყურებლის ყურადღებას.(…)
რეჟისორს, სცენარისტს და მსახიობებს გამოუვიდათ გამოეკვეთათ რემუსის მთავარი გზავნილი, მისი ისტორია და ნაწარმოების სიღრმე. ვფიქრობ, ეს ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია კაშუბური ისტორიისა და კულტურისთვის. ალექსანდრე მაიკოვსკის ნაწარმოები, რომელიც თავისთავად უკვე ღირებულ და უნაკლო ლიტერატურულ ნამუშევარს წარმოადგენს, დიდი პროფესიონალიზმით გაცოცხლდა თეატრის სცენაზე. სპექტაკლი მომზადდა საოცარი გულმოდგინებითა და განსაკუთრებული სიფრთხილით იმ გზავნილების მიმართ, რომლის გადმოცემაც უნდოდათ ავტორებს , თარა წარმოეჩინათ რემუსის ისტორიის მნიშვნელობა და მაიკოვსკის ნაწარმოების აქტუალურობა(…)
თეატრ ,,მინიატურის” სპექტაკლი ,,რემუსი” წარმოგვიჩენს კაშუბური ლიტერატურისა და ტრადიციების ღირებულებას უნივერსალური ღირებულებების ჭრილში, რომლებიც სცდებიან ლოკალურ, რეგიონალური შიდა ეზოს ფარგლებს.
იარომირ შროედერი „Pomerania” (czasopismo kaszubskie) (,,პომერანია” კაშუბური გაზეთი)
სპექტაკლის შემქმნელების შესახებ
რემიგიუშ ბჟიკი
რეჟისორი, სცენოგრაფი, პედაგოგი. ვროცლავის უმაღლეს სახელმწიფო თეატრალური სკოლის თოჯინების ფაკულტეტისა (1995) და დრამის რეჟისურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული კრაკოვის უმაღლეს სახელმწიფო თეატრალურ სკოლაში,(1998) სადაც მის სასწავლო კურსს კრისტიანა ლუპე ხელმძღვანელობდა. 1996 წ. ბჟიკი ასისტენტობას უწევდა ლუპეს თომას ბერნჰარდის პიესის „Ritter, Dene, Voss”-ის ინსცენირების პროცესში. (კრაკოვის ძველი თეატრი). 1998 წელს, ლოძში, სტეფან იარაჩას სახელობის თეატრში შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი წარმოდგენით ,,ფომა” (Foma) თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით. ამ დროიდან მოყოლებული პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან სცენებზე ათობით რემიგიუშის სპექტაკლი დაიდა. იგი ძალიან ბევრი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა: ,,ოქროს ნიღაბი” სეზონის საუკეთესო რეჟისორის წოდებაში, ქ. ლოძში ( 1999), ასევე სხვადასხვა სპექტაკლის რეჟისორობისთვის (2004 და 2009 წწ-ში). ,,კონრადის დაფნის გვირგვინისა” და ,,ხალხის რჩეულის” ჯილდო წარმოდგენა ,,გრძნეული სალემიდან” რეჟისორობისთვის ,,პოლონეთის მაშტაბით გამართულ არტურ მილერის მე-4 სარეჟიროსო ინტერპრეტაციის ფესტივალზე” კატოვიცაში (2001). ქ. ზაბშეში ,,XII პოლონეთის მაშტაბით გამართულ თანამედროვე დრამატურგიის ფესტივალის, სახელწოდებით ,, წარმოდგენილი რეალობის” მთავარი ჯილდოს მფლობელი სპექტაკლ ,,კოჟიენიეცის” (Korzeniec) რეჟისორობისთვის (2012). დღესდღეობით ბჟიკი არის ვროცლავის უმაღლესი სახელმწიფო თეატრალური სკოლის ფილიალის ლექტორი სამსახიობო და თოჯინების თეატრალური რეჟისურის მიმართულებით ,კრაკოვში. წარმოდგენა ,,რემუსი” არის მისი პირველი ნამუშევარი თოჯინების თეატრში.
რომუალდ ვიჩა-პოკოისკი
რეჟისორი, დრამატურგი და 2011 წლიდან თეატრ ,,მინიატურის” აღმასრულებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ვარშავის ა. ზელვეროვიჩის სახელობის თეატრალური აკადემიის კურსდამთავრებული თეატრმცოდნეობის განხრით. 1991 წელს პოკოისკიმ დააარსა საავტორო თეატრი ,,ვიჩი” , სადაც მოახდინა 20-ზე მეტი სპექტაკლის რეალიზება როგორც თეატრის შიდა, ასევე გარე სცენებზე. პოკოისკი 1994-1997წწ-ში მუშაობდა ეროვნული თეატრის ინსტიტუტსა და ეროვნულ თეატრში, სადაც იყო პოლონეთში პირველი თეატრალური გამომხატველობითი სცენის, ,, თეატრი მალის” (Teatr Mały), თანადამაარსებელი. 2006-2009 წლებში იყო მიკოლაი კოპერნიკის უნივერსიტეტის ლექტორი ტორუნში. პოკოისკი აქტიურად იყო ჩართული კულტურულ და თეატრალურ აქტივობებში: იგი იყო დირექტორი და დამაარსებელი საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნების ბულვარის” 2003-2006წწ-ში (Bulwar Sztuki). ასევე იყო საზოგადოებრივ ი კულტურის სახლის ,,ვიჩის თავისუფალი დროის ცენტრის” ხელმძღვანელი (2004-2009) და რეალიზატორი მრავალი საზოგადოებრივ-კულტურული პროექტისა, რომელიც მიმართული იყო უსახლკარო ადამიანებზე , საზოგადოებისგან გარიყულ პირებსა და ემიგრანტებზე. 2008-2011 წწ-ში იყო პროგრამული დირექტორი ,,გდანსკის ბიურო 2016-ის” (Biura Gdańsk 2016), ასევე თანაავტორი კულტურული სტრატეგიისა სახელწოდებით ,,კულტურის თავისუფლება. თავისუფლების კულტურა”, რომლიც მიხედვითაც ქ. გდანსკი იყო აპლიკანტი ქალაქი ევროპის კულტურული დედაქალაქის შერჩევის პროცესში 2016 წელს. როგორც რეჟისორი და დრამატურგი თანამშრომლობდა სხვადასხვა თეატრთან, მათ შორისაა: ,,ბაჯ პომორსკის” თეატრი ტორუნში, ოლშტინის თოჯინების თეატრი, თეატრი ,,ვიბჟეჟე” (Teatr Wybrzeże) გდანსკში. პოკოისკის სპექტაკლები წარდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: სომხეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, დანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, ირანში, ირლანდიაში, გერმანიაში, ლიტვაში, სლოვაკეთში, შვედეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ბელორუსიასა და იაპონიაში. იგი ლაურეატია მრავალი ინდივიდუალური თუ ჯგუფური ჯილდოსი, როგორებიცაა: 2009 წელს პრაღაში გამართულ ,,თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე „ წარდგენილ სპექტაკლში ,,დიტრიხ, დამტვრეული ლურსმნები” (Dietrich. Broken nails) ინოვაციური მიდგომის გამოყენებისთვის. 2007 წელს პოკოისკის მიენიჭა მედალი „პოლონური კულტურისთვის გაწეული ღვაწლისთვის”